კონგრესმენების წერილი გახარიას

გაჩეჩილაძე: იქნებ ამერიკელები არ თვლიან საჭიროდ წერილის გამოქვეყნებას, იქნებ რამე პირადულია

0 კომენტარი

ქართული ოცნების დეპუტატი, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კონგრესმენების წერილის შინაარსს მაშინ გაეცნობა, როცა გამოქვეყნდება, ხოლო როდის გამოქვეყნდება, ეს მხოლოდ "ამერიკელებზეა" დამოკიდებული.

გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ქართული მხარე გახარიას მიერ მიღებულ წერილს ალბათ კონგრესმენების გასაჯაროების შემდეგ გამოაქვეყნებს.

"მე არ ვიცი, ამერიკული მხარე რატომ არ აქვეყნებს. ადრე ხომ აქვეყნებდა, როცა ან განცხადებას აკეთებდა, ან წერილს გზავნიდა. როგორც თქვენ იცით, ისე ვიცი მეც.

ამერიკელებისთვის დამერეკა? იქნებ არ თვლის აშშ-ის ის 4 კონგრესმენი, რომ საჭიროა ამის გამოქვეყნება. ისინი არიან ავტორები. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამოაქვეყნებენ და მერე ალბათ საქართველოს მხარეც გამოაქვეყნებს. ალბათ ქართული მხარე მათ ელოდება. რა არის ამაში გასაოცარი.

მე არ ვიცი ამ წერილის შინაარსი, არ ვიცი, რა წერია. რაღაც მიზეზების გამო არ აქვეყნებს ის 4 კონგრესმენი, ხო, ფაქტია.

იქნებ პირადულია რამე. არ ვიცი, ხომ შეიძლება, რამე იყოს ისეთი, რომელიც არ ექვემდებარება გამოქვეყნებას ამერიკული მხარის თვალსაზრისით", - თქვა დეპუტატმა ტაბულასთან.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას წერილის გამოთხოვის მიზნით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

"ველოდები, ამერიკული მხარე როდის გამოაქვეყნებს წერილს. მისი უფლებაა ეს, მე რა შუაში ვარ", - ამბობს გაჩეჩილაძე.

ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას წერილი 4-მა კონგრესმენმა, 21 იანვარს კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ, გაუგზავნა.

წერილის შინაარსს გახარიას ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს.

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს.

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია.

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონონპროექტი 2019 წლის 14 ნოემბერს ჩააგდო. ამ გადაწყვეტილებით არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება, რომელიც მან 24 ივნისს, გავრილოვის ღამის ძალადობისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ გასცა.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი, 2017 წლის რედაქციის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ ყველა საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, თუმცა, ქართულ ოცნებას ამ ჩანაწერის შეცვლა და არსებული, მაჟორიტარული სისტემის ძალაში დატოვება სურს.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელს სთავაზობს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება, თუმცა, მმართველი გუნდი მას არაკონსტიტუციურს უწოდებს, თავად კი გამოდის წინადადებით, 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტის 150 მანდატიდან 100 პროპორციული სიით დაკომპლექტდეს, 50 კი მაჟორიტარულით. ეს წინადადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები