კონგრესმენების წერილი გახარიას

კონგრესმენები: ბოლო ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში 4 კონგრესმენი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობენ, რასაც ქვეყანაში ამერიკული და ევროპული კომპანიების მიმართ არსებულ დამოკიდებულებას უკავშირებენ. 

კონგრესმენები წერენ, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ქართველი ხალხის "შეუპოვარ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ" თვალს ადევნებენ. 

"თუმცა, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ნაჩვენები შედეგისა, ბოლო პერიოდის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. 

ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მკვეთრ ვარდნას აჩვენებენ, რამდენადაც ამერიკული და ევროპული კომპანიები შევიწროების მსხვერპლი ხდებიან, ბევრ ამ ბიზნესს თავისი გეგმების შეცვლა უწევთ,"- წერია წერილში. 

კონგრესმენების თქმით, ქართული ოცნების მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას შეუშალა ხელი. 

"მოვლენათა ამგვარი განვითარება ასახავს მზარდად გაუარესებულ ბიზნეს-გარემოს, რასაც შეუძლია, სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში,"- წერენ კონგრესმენები. 

მათი განცხადებით, შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, არამედ რეგიონში ვლადიმერ პუტინის გავლენასაც აძლიერებს. 

"საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა,"- წერია წერილში. 

კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ისინი ხელს შეუშლიან აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას. 

წერილი, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები