კონგრესმენების წერილი გახარიას

უგულავა კონგრესმენების წერილზე: ეს ბოლო გაფრთხილებაა, ივანიშვილის მმართველობის განაჩენი

ტაბულა

"ეს ბოლო გაფრთხილებაა, მაგრამ ეს უფრო მეტად ჰგავს ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის განაჩენს" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა 4 კონგრესმენის მიერ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. 

უგულავა ამბობს, რომ აღსანიშნავია წერილის არა მარტო შინაარსი, არამედ მისი ფორმაც, რადგან მას არ აქვს არც შესავალი ნაწილი და არც ქება და რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკა უკვე პირდაპირ ესაუბრება. 

"პირდაპირ გაჭრილად ეუბნებიან, ქვეყანა მიგყავს უფსკრულისკენ, ქვეყანაში ხდება დემოკრატიის ეროზია, ქვეყანაში ხდება ეკონომიკური სტაგნაცია, ქვეყანაში კლებულობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამერიკული კომპანიები განიცდიან შევიწროვებას,"- ამბობს გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრში საუბრისას. 

უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის და უფრო მეტიც, ამას სისუსტედ და თანხმობად მიიჩნევს. 

"მას დღემდე აქვს განცდა, რომ ამერიკაში ყველაფერი "დალაგებული აქვს" და, აი, ამ ბრიყვული ფრაზის გაგრძელება არის ზუსტად ის, რასაც საგარეო საქმეთა სრულიად სამარცხვინო მინისტრისგან ვიგებთ, რომ თურმე, ამერიკის კონგრესი ერთია, სახელმწიფო დეპარტამენტი მეორე და თეთრი სახლი მესამე," - ამბობს უგულავა.

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან უკვე მესამე წერილი მიიღო. 

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები