ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარი: ბოდიში, არ მივიღებ კუჭავას ანგარიშს, რა კარგად მუშაობს ქართული ოცნება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელმაც პარლამენტის ვიცესპიკერ კახა კუჭავას ჰკითხა, საქართველოში მყოფი პოლიტპატიმრები დაეთანხმებოდნენ, თუ არა მას იმაში, რომ ქვეყანა იმაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, კუჭავას ევროპარლამენტში გამოსვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ამჯერად ევროპარლამენტში მწვანეების წარმომადგენელმა Twitter-ზე კუჭავასადმი დასმული თავისი შეკითხვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:

"ბატონი [კახა] კუჭავა, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ევროპარლამენტში საზღვრებზე სასაუბროდ მოვიდა და წარმოგვიდგინა ანგარიში იმის შესახებ, რა კარგად მუშაობს ხელისუფლება და ქართული ოცნება საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით და როგორ ავრცელებენ დემონსტრანტები ტყუილებს. ბოდიში, მე ამას არ მივიღებ".

21 იანვარს აღმოსავლეთ ევროპის შესახებ გამართულ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს, სადაც არაერთმა ევროპარლამენტარმა ქართული ოცნება გააკრიტიკა. მათ შორის იყო გრეგოროვაც.

"მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემონსტრანტებმა პარლამენტი ჩაკეტეს. პარლამენტი ჩაკეტა პარლამენტმა თბილისის ცნობილი კედლით. თუმცა, ეს მხოლოდ კომენტარია.

მინდა, გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, ევროპასა და ევროკავშირთან იმაზე ახლოს ყოფნაზე, ვიდრე ოდესმე, ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პატიმრები ამაში დაგეთანხმებიან?" - კითხა გრეგოროვამ კუჭავას.

კომენტარები