ჩინური კორონავირუსი

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი უჰანი ჩაკეტა, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი უჰანი ჩაკეტა, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა. 22 იანვრიდან ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა აკრძალულია, შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც. 

"არ ჩამოხვიდეთ უჰანში, გთხოვთ, ვინც უჰანში ხართ, არ გახვიდეთ ქალაქიდან", — განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მდივანმა, ლი ბინმა. სიტუაციას ის ართულებს, რომ ჩინეთში იქაური ახალი წელი ახლოვდება, რა დროსაც მგზავრთა ნაკადი მთელი ქვეყნის მასშტაბით თავის პიკს აღწევს. 

ქალაქ უჰანის მოსახლეობა 11 მილიონს აღემატება. უჰანი ჰუბეის პროვინციის დედაქალაქია, რომელშიც 58 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უჰანი ცენტრალური ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქია.

ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაავადებულია 541 ადამიანი. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და აშშ-ში. 

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სწორედ უჰანში დაფიქსირდა. თავდაპირველად სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი ადგილობრივი ზღვის პროდუქტების ბაზარზე გავრცელდა. მოგვიანებით ჩინელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე სასუნთქი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. 

საკითხზე ჩატარდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სხდომები. ორგანიზაციის რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები