ბრექსითი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

PA

ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ კანონს პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. კანონი დასამოწმებლად გაერთიანებულ სამეფოს დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს გადაეგზავნა. 

"პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ბრექსითის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს და ჩვენ გავაგრძელებთ ერთიან წინსვლას", — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა. მიმართვაში ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა, უკან მოიტოვონ უთანხმოებები და კონცენტრირდნენ ქვეყნის ნათელ მომავალზე მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გავა. 

დოკუმენტის ძალაში შესასვლელად საჭიროა დედოფლის ფორმალური თანხობა. როგორც მოსალოდნელია, ელიზაბეტ მეორე დოკუმენტს დღეს, 23 იანვარს დაამოწმებს. უკვე 24 იანვარს დოკუმენტს ხელი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა უნდა მოაწერონ. ევროპარლამენტში დოკუმენტს 29 იანვარს განიხილავენ.

ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან 31 იანვარს არის დაგეგმილი, თუმცა რეალური ცვლილები ძალაში კიდევ ერთი წელი არ შევა. 2020 წლის განმავლობაში მხარეები ურთიერთობის მომავალ ფორმატზე უნდა შეთანხმდნენ. 

რეფერენდუმი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. ევროგაერთიანებიდან გასვლას მხარი მოსახლეობის 51,9%-მა დაუჭირა. 

კომენტარები