კონგრესმენების წერილი გახარიას

ოხანაშვილი კონგრესმენების წერილზე: ზოგი ვერსია შესაძლოა მოკლებულია ობიექტურ მოცემულობას

აიპრესი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, 4 კონგრესმენის მიერ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა, ზოგიერთი კონგრესმენის პოზიცია "შესაძლოა, მოკლებულია ობიექტურ მოცემულობას." 

"ძალიან ბევრი არის ჩვენი მეგობარი. ზოგიერთი კონგრესის წევრი, შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას",-ამბობს ოხანაშვილი "მთავართან" ინტერვიუში. 

ოხანაშვილის თქმით, მათი მთავარი ამოცანა კონგრესმენებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა.

"ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც აშშ ახორციელებს მხარდაჭერას. მათ კანონში ეს ვერ მოხდებოდა, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის ამ ადამიანებს, მივაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია",-ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან უკვე მესამე წერილი მიიღო. 

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები