ილია მეორე

პატრიარქი ბათუმში კლინიკაში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზი იოანე გორელიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, პატრიარქი უკვე რამდენიმე დღეა აჭარაში იმყოფება. მას გეგმიური გამოკვლევები უტარდება და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გეგმიური კვლევაა. პატრიარქი უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფება აჭარაში, ხშირად სტუმრობს ხოლმე აჭარას. მას ამჟამად უწევდა გეგმიური კვლევის ჩატარება და გადაწყვიტეს, რომ ბათუმშივე მივიდნენ და ჩააბარონ ანალიზები. ისინი დღეს გაემართებიან ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მოხდება პატრიარქის ანალიზების ჩაბარება. ეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის გეგმიური კვლევა. მისი ჯანმრთელობა არის სტაბილური, არ არის გაუარესებული. 2019 წლის შემდეგ მას გამოკვლევები არ ჩაუტარებია და ახლა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ. ახლაც კლინიკაში იმყოფება", - ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი ტაბულასთან საუბარში.

გუშინ ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეუძლოდ გახდა. საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულასთან საუბარში პატრიარქის შეუძლოდ გახდომა გუშინვე უარყო.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღესაც არ იყო ინფორმირებული პატრიარქის კლინიკაში გადაყვანის შესახებ, მან ტაბულა პატრიარქის ექიმთან, ცისანა შარტავასთან გადაამისამართა.

როგორც ცისანა შარტავამ IPN-თან საუბარში აღნიშნა, უსაფუძვლოა "ატეხილი ხმაური", რადგან პატრიარქი რამდენიმე დღით ქალაქგარეთაა გასული, - "თბილისში ვუტარებთ ხოლმე იანვარსა და თებერვალში გეგმურ გამოკვლევებს, რადგან იქ იყო, იქ შესთავაზეს თავისმა ახლობლებმა გამოკვლევა. მაღალი დონის კლინიკაა, მაღალი დონის აპარატურით, გეგმური გამოკვლევები უტარდება", - ამბობს პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა.

კომენტარები