აშშ - ირანი

ჰუკი: თუ სოლეიმანის შემცვლელი მის მსგავსად ამერიკელებს მოკლავს, მის ბედს გაიზიარებს

ბრაიან ჰუკი
Getty Images

23 იანვარს ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მრჩეველმა ბრაიან ჰუკმა თქვა, რომ თუ ყასემ სოელიმანის შემცვლელი მასსავით გააგრძელებდა ამერიკელების მოკვლას, მის ბედს გაიზიარებდა.

აშშ-ის მიერ ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლისა და ტერორისტის ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ თეირანმა ყუდსის მეთაურად ესმაილ გაანი მალევე დანიშნეს. გაანიმ პირობა დადო, რომ სოლეიმანის გზას გააგრძელებდა. 

დანიშვნის შემდეგ გაანიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი რეგიონიდან აშშ-ის ძალების გასვლა იყო.

ბრაიან ჰუკის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკასა და ამერიკულ ინტერესებზე ნებისმიერ თავდასხმას მტკიცე პასუხი გაეცემოდა.

"ეს არ არის ახალი მუქარა. პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ ამერიკის ინტერესების დასაცავად მისი პასუხი ყოველთვის მტკიცე იქნებოდა. ვფიქრობ, ახლა ირანს ესმის, რომ ამერიკას თავს ვერ დაესხმებიან ისე, რომ ამას [უპასუხოდ] დააღწიონ თავი," - თქვა ჰუკმა.

ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ. აშშ-მა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანი ტერორისტი იყო და აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმას გეგმავდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც აშშ-ის მოწინააღმდეგეების შეკავებას ისახავს მიზნად.

კომენტარები