კორონავირუსი

კორონავირუსის გამო ჩინეთში, ვუხანთან, ქალაქ ეჭოუში მატარებლის სადგურის მუშაობა შეაჩერეს

AFP

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთში ვირუსის ეპიცენტრთან ქალაქ ვუხანთან მდებარე ქალაქ ეჭოუში 23 იანვარს მატარებლის სადგურის მუშაობა შეაჩერეს.

ეჭოუში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ჩინური და სინგაპურული მედია წერს, რომ სატრანსპორტო აკრძალვა ვუხანთან კიდევ ორ ახლოდ მდებარე შედარებით პატარა ქალაქებს, ჩიპისა და ჭიძიანგს, შეეხო.

დღეს ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის დედაქალაქი ვუხანი და მის გვერდით მდებარე ქალაქი, ხუანკანი ჩაკეტეს. 20 იანვრის მონაცემებით, ხუანკანში 17 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით.

23 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ხუპეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ჩინეთში გამოვლენილია დაავადების 630 შემთხვევა, ტაილანდში 4, ხოლო აშშ-ში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში - 1. იზოლირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება. 

იზოლირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

კომენტარები