დასავლეთის კრიტიკა

მდინარაძე: ელჩთან კრიტიკულ განცხადებებზე ვისაუბრე, რისი საფუძველიც არასწორი ინფორმაცია იყო

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და შეხვედრაზე ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მისამართით გავრცელებულ კრიტიკულ წერილებზე ისაუბრა რისი  საფუძველიც არასწორი ინფორმაციის გავრცელება გახდა.  

"სტუმარს ერთ-ერთი ასეთი მაგალითიც გავაცანი, როდესაც კონკრეტულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთ-ერთმა პარლამენტარმა ევროპის მაღალი ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა. როდესაც თავად ამბავი არის მოგონილი, ბუნებრივია, შეფასებაც არ იქნება რელევანტური და სწორი," - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელ facebook-ში.

მისივე ინფორმაციით, ელჩს აუხსნა, რომ გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები იყო, ვინაიდან პარტიული საგარეო მიმართულების ხელმძღვანელები დღეს "ოცნების" წევრები აღარ არიან.

"ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. ზოგადად, კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის გაცილებით მისაღები, ვიდრე „ფეიკ ნიუსებზე“ დაყრდნობით გამოწვეული კრიტიკა. მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ეს არის ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი საერთო მიზანი," - წერს მდინარაძე.

აღსანიშავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობას აქტიურად აკრიტიკებენ, როგორც ევროპარლამენტარები ასევე ამერიკელი კონგრესმენები. 

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან უკვე მესამე წერილი მიიღო. 

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

დაპირების არშესრულება; დემოკრატიის ხარისხის გაუარესება; პოლიტიკური დევნა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც ევროპარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილეს.

კომენტარები