სახალხო დამცველი

ლომჯარია: წულუკიანმა პატიმრებთან ჩემს შეხვედრაზე ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, რადგან მან სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. 

ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის კომუნიკაცია და ნებისმიერი სახის ურთიერთობა პატიმრებთან არის კონფიდენციალური და დაუშვებელია რაიმე ტიპის მიყურადება და თვალთვალი ამ ტიპის შეხვედრებზე.

საუბარია იმაზე, რომ დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდნენ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს,
მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს შეხვდა.

ლომჯარია ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. 

"დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, მე ამას ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მექნება რეაგირება და კონკრეტულ ნაბიჯებზე ხვალ გავაკეთებ განცხადებას. აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები, სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალურობაზე და მის დაცვაზე ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს და ეს კონფიდენციალურობა დაარღვია ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენელმა და უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული," - ამბობს ლომჯარია მთავართან საუბრისას.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს ორი დღის წინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს განიხლავდნენ ციხეებში მდგომარეობის შესახებ. მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა და უთხრა რომ მისი წარმომადგენლები პატიმრებთან დახეული ჯინსებით დადიან, რაც შეუფერებელია და ასევე უსაყვადურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილისა და დეპუტატების სახალხო დამცველი არ არის. 

კომენტარები