თამთა თოდაძის საქმე

თამთა თოდაძე მარიამ კუბლაშვილს ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის ადვოკატთა ასოციაციაში უჩივის

0 კომენტარი

ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული ქართული ოცნების დეპუტატის ადვოკატს დაზარალებული თამთა თოდაძე ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივის.

თოდაძე მიიჩნევს, რომ მარიამ კუბლაშვილმა მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ადვოკატის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

როგორც საფარის წარმომადგენელი, თეა თადაშვილი განმარტავს, კუბლაშვილს ადვოკატის შესახებ კანონის მე-5 მუხლის "გ" ქვეპუნქტით უჩივიან, რომელიც ადვოკატებს ავალდებულებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის პროცესში პატივი სცენ და არ დაარღვიონ როგორც სასამართლოს, ისე პროცესის მონაწილე სხვა პირების უფლებები. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ თამთა თოდაძე დაზარალებულია, ხოლო მარიამ კუბლაშვილი ბრალდებულის ადვოკატი, მისი ქცევები ეთიკის კოდექსს უნდა ექვემდებარებოდეს.

"მარიამ კუბლაშვილი გამუდმებით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას თამთა თოდაძეს, მოიხსენიებს ისეთი სიტყვებით, როგორიც არის "პატარა მატყუარა", "თაღლითი", "გამოცდილი მახინატორი", "ინტრიგანი", "ცრუ თამთა". არის შემთხვევები, როცა მის დედასაც მოიხსენიებს შეურაცხმყოფლად, ცრუ დედა-შვილს უწოდებს მაგალითად. ეს არის ისეთი ფრაზები, გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც არღვევს ადვოკატისთვის დადგენილ ეთიკის ნორმებს. ადვოკატთა ასოციაციაში ჩვენი საჩივრის მოთხოვნა იქნება მას დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა", - ამბობს თეა თადაშვილი.

საფარის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მარიამ კუბლაშვილის განცხადებებმა დაზარალებულ თამთა თოდაძეს ახალი ფსიქოლოგიური ტრავმები მიაყენა, რის გამოც მას მედიკამენტოზური ჩარევა დასჭირდა.

"მარიამ კუბლაშვილის განცხადებები არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, არღვევს ადვოკატთა ეთიკას და უნდა დადგეს მისი დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი. არაერთი განცხადებაა, თამთას მოიხსენიებდა როგორც თაღლითს, მატყუარას, იყო თავისი შინაარსით ცილისმწამებლური და სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რომელი ადვოკატებს გააჩნიათ", - ამბობს ბაია პატარაია.

საფარი, რომელიც თამთა თოდაძის ინტერესებს იცავს, მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უახლოეს დღეებში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს მარიამ კუბლაშვილი ამავე საქმეში პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებისთვის უკვე დაჯარიმდა. სახელმწიფო ინსპექტორმა ის 1000 ლარით დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში სენსიტიური ინფორმაცია გაასაჯაროვა, რისი საჭიროება და კანონიერება მან ინსპექტორს ვერ დაუსაბუთა.

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია. მომდევნო სხდომა 30 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები