ლევან იზორია

ოხანაშვილი იზორიას ძმის კადრებზე: 5 წელი როგორ ინახავ ამ კადრს? ენმ-ის ნარატივში ჯდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კონიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მისთვის ლევან იზორიას ძმის, ვახო იზორიას დაკავებისა და ჩარევის შემდეგ გათავისუფლების კადრების 5 წლის შემდეგ გავრცელება "ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ჯდება". 

"სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის უზრუნველყოფილი კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. ვინმე დაარღვევს კანონს - მოეთხოვება პასუხი. ასეთი ხელშეუხებელთა კასტა არ არსებობს და ვერ იარსებებს. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც დაყწყებულია. ასევე, ერთი საინტერესო ფაქტი, თუ შენი ამოცანაა, რომ პოლიციელის ღირსება, მუნდირი, დაიცვა, 5 წელი როგორ ინახავ ამ კადრს და არ ავრცელებ, თუ ინტერესი გაქვს, რომ გამოძიება დაიწყოს, პოლიციელი ხარ, სწორედ პოლიციელის ინტერესებშია, რომ გამოძიება დაიწყოს და გაიხსნას საქმე და როცა არ აკეთებ, ეს, ცოტა არ იყოს, ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ჯდება",-თქვა ოხანაშვილმა.  

გუშინ, 23 იანვარს, მთავარმა არხმა კადრები გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ადმინსტრაციული წესით თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. ჩარევის შემდეგ იზორიას ათავისუფლებენ. კადრები 2014 წელსაა გადაღებული, ლევან იზორია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  

მთავარ არხთან ინტერვიუშივე პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს. 

როგორც მთავარი არხი განმარტავს, ამ ამბის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

კომენტარები