ოკუპირებული ახალგორი

5 თვის შემდეგ ოკუპირებული ახალგორი პენსიონერებისთვის 10 დღით გაიხსნა

თამარ მეარაყიშვილი

5 თვის შემდეგ ოკუპირებული ახალგორი მცხოვრებთა ნაწილისთვის გაიხსნა.

ახალგორელი ჟურნალისტის და აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, გზა გახსნილია მხოლოდ მათთვის, ვისი ერთადერთი შემოსავალიც საქართველოს მოქალაქის პენსიაა.

"ყველას არ მიეცა გადაადგილების თავისუფლება- ყველას არ დაუმზადეს საშვი. ეს ერთჯერადი ღონისძიებაა. უკან დაბრუნების ვადა 10 დღეა", - წერს მეარაყიშვილი.

მისივე ცნობით, ამის შემდეგ ახალგორი მათთვისაც ჩაიკეტება და პენსიონერები დაბას მომდევნო 2 თვე ვერ დატოვებენ.

"დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეული სიებით ხელმძღვანელობენ და იმ ადამიანებს აძლევენ ოკუპირებული დაბის დატოვების საშუალებას, რომლებიც პენსიას იღებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ ყველა მათგანი,ვინც დღეს ოკუპირებული დაბა დატოვა, პენსიონერია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ 10- დღიან ვადას აძლევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით და შემდგომ, როგორც მათ განუცხადეს, 10 დღის ვადაში კვლავ მიეცემათ ახალგორში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა“, - თქვა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.

მისივე ინფორმაციით, დღეს სხვა ადამიანებიც შეძლებენ დაბის დატოვებას და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

როგორია ცხოვრება ოკუპირებულ და ბლოკადაში მოქცეულ ახალგორში, წაიკითხეთ აქ

ოკუპირებული ცხიმვალის რეგიონის დე დაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. მიზეზად კი სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის მიერ საგუშაგო-საპოლიციო პუნქტის აგება დაასახელა. როგორც რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე დაძაბულობის ესკალაციასთან და სასაზღვრო ზონაში ოპერატიული სიტუაციის გართულების გამო.

კომენტარები