კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით 25-ე ადამიანი დაიღუპა, გამოვლენილია დაავადების 830 შემთხვევა

CNBC

24 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 830 შემთხვევა, მათ შორის, 15 შემთხვევა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში. 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ვუხანში და ხუპეის პროვინციის კიდევ დამატებით ცხრა სხვა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა. მარტო ვუხანში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ხვალ, 25 იანვარს მთვარის ფესტივალზე ჩინელები ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაკეტეს რამდენიმე ტაძარი, ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, აკრძალული ქალაქი, შანხაის დისნეილენდი და ა.შ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გუშინდელი განცხადებით, კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა WHO-ს შეფასებით, საერთაშორისო ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას. WHO-ში ისიც თქვეს, რომ კრონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვუხნაში 1000-საწოლიანი საავადმყოფოს ორგანიზება იგეგმება.

ვუხანის საავადმყოფოებში ითხოვენ, რომ ნიღბებით, კოსტიუმებთ და სხვა საჭირო ნივთით დაეხმარონ.

ერთერთმა ვუხანელმა ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ მთავრობამ თავიდანვე არ იმოქმედა და საზოგადოებას ინფორმაცია არ მიაწოდა.

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

კომენტარები