ლევან იზორია

კილაძე იზორიას ძმის კადრებზე: მიკვირს, მაინცდამაინც ახლა რატომ გაავრცელეს?

ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს უკვირს, "მაინცდამაინც ახლა" რატომ გაავრცელეს ლევან იზორიას ძმის, ვახო იზორიას დაკავებისა და ჩარევის შემდეგ გათავისუფლების კადრები.

"აქ არის საქმე ძალიან მარტივად. ამ საქმეზე დაწყებული არის გამოძიება. მე ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში, რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება. მეორე საკითხია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამწუხაროდ, ლევან იზორია ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დარტყმის ობიექტი. ამას, რა თქმა უნდა, თავის ობიექტური მიზეზი აქვს" - ამბობს კილაძე.

გუშინ, 23 იანვარს, მთავარმა არხმა კადრები გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ადმინსტრაციული წესით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. ჩარევის შემდეგ იზორიას ათავისუფლებენ. კადრები 2014 წელსაა გადაღებული, ლევან იზორია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  

მთავარ არხთან ინტერვიუშივე პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს. 

როგორც მთავარი არხი განმარტავს, ამ ამბის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

კომენტარები