თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

საკრებულოს თავმჯდომარე ხაბეიშვილის ცემაზე: მთელი დღე ვისმინეთ პირადი შეურაცხყოფები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე "ორივე მხარეს" მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან. მან ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე თქვა, რომ "ჩვენ ასევე ვისმინეთ პირადი შეურაცხყოფები". 

"დღეს საკრებულოში მოხდა ინციდენტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირება, ასევე, ჩვენ ვისმინეთ მთელი დღის განმავლობაში პირადი შეურაცხყოფები. შესაბამისად, მე მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო - მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ისე ფიზიკური დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესი.

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და იყოს მიღებული უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული" - ამბობს ტყემალაძე.

თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, დღეს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი, ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები