თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

​გაბაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე: არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა კრიტიკასა და ცემას შორის

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

თბილისის საკრებულოს წევრი, გოკა გაბაშვილი ლევან ხაბეიშვილის ცემას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო კრიმინალური ხროვის თავდასხმა ერთ ადამიანზე.

გაბაშვილი აღნიშნავს, რომ ეს აშკარად წინასწარ იყო დაგეგმილი.

"არ გავა დღე, რომ ქართულმა ოცნებამ მორიგი სირცხვილი არ ჭამოს. ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ იყო კიდევ ერთი ძალიან დიდი სირცხვილი. ჩვენ ვნახეთ როგორ შეიძლება გარდაუვალი პოლიტიკური მარცხის შიშმა, უარგუმენტობამ და ამ სირცხვილმა, რომელსაც შინაგანად განიცდიან, როგორც ჩანს ქართული ოცნების წევრები, ადამიანები აქციოს ჩვეულებრივ კრიმინალურ ხროვად. ეს იყო კრიმინალური ხროვის თავდასხმა ერთ ადამიანზე, სამარცხვინო თავდასხმა, როცა ათი ადამიანი ერთს ურტყამდა. აშკარად წინასწარ დაგეგმილი, არაფერი იმ სხდომაზე ისეთი არ ხდებოდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო, გვახსოვს ბევრად უფრო მეტი სიტყვიერი, მწვავე კრიტიკა. ეს იყო ჩაფიქრებული, რამდენიმე ადამიანის ერთბაშად თავდასხმა ერთ ადამიანზე", - თქვა გოკა გაბაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

საკრებულოს დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებმაც აქცენტი ლევან ხაბეიშვილის კრიტიკულ შეფასებებზე გააკეთეს. გოკა გაბაშვილის თქმით, არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა თუნდაც მიუღებელ განცხადებებსა და ძალადობას შორის.

"ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური კრიტიკის თმენის ვალდებულება, არჩეულები არიან იმიტომ, რომ კრიტიკა ითმინონ და რამდენიმე დღის წინ ეთერში გამოთქმული კრიტიკის გამო, თუნდაც მათთვის მიუღებელი ფორმებით, 10 ადამიანი თავს ესხმის ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს და საერთოდ აზრს უკარგავენ საკრებულოს წევრობასაც. მართლა კრიმინალური ხროვა იყო შესახედავად, ლაჩრულად, არაკაცურად დაესხნენ თავს ადამიანს და ათმა კაცმა ერთი ცემა. ამას თუ გამართლება აქვს და ამას თუ იმით ვამართლებთ, რომ წინა დღეებში ვიღაცამ ვიღაცა გააკრიტიკა, ამათ დამთავრებული აქვთ პოლიტიკური ცხოვრება", - ამბობს გაბაშვილი.

თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, დღეს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი, ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები