კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში საქართველოს ელჩი კორონავირუსზე: ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის

ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ვინც ამჟამად ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფება, კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის საფრთხე არ შექმნია. ამის შესახებ კალანდიამ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"სადაც არის დაავადების გავრცელების წყარო, იქ იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, ისინი იმყოფებიან უსაფრთხოდ და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს სხვა თანამოქალაქეებთან ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში და საბედნიეროდ, არცერთს საფრთხე არ ემუქრება. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი, გვიკავშირდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საფრთხე არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, არც დაფიქსირდება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვკონტაქტობთ ჩინეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს, თუმცა, იმედი გვაქვს, ეს საჭიროება არ დადგება" - თქვა კალანდიამ და მოუწოდა ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან მითითებები, რასაც ჩინეთის ხელისუფლება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს - იარონ პირბადით, არ იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა.

"ცხადია, იმ რეგიონში, სადაც ინფიცირების წყაროა, კატეგორიულად არ ვურჩევ ვინმეს ჩასვლას, თორემ სხვა რეგიონებში და ჩინეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის პეკინში, შანხაიში, ტიანძინში და ა.შ. ამ ეტაპზე არ არის აკრძალვები დაწესებული მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მხრიდან. საზღვრები გახსნილია. ხდება ძალიან აქტიური შემოწმება საზღვარზე, როგორც ჩინეთის ტერიტორიიდან გამსვლელების, ასევე შემომსვლელების, რომ მაქსიმალური პრევენცია მოხდეს დაავადების გავრცელების, ასე რომ, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ ხვალ იწყება ჩინური ახალი წელი, მილიონობით ადამიანია გასული და მიმოფანტული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რეალურად, ელოდებიან ინფიცირებულთა ზრდას თებერვლის დასაწყისში, როცა ასობით მილიონი ადამიანი დაუბრუნდება თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია. დიდი ალბათობით, ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ყველა საჭირო ზომა არის მიღებული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ მასშტაბები მაქსიმალურად შემცირებული იყოს“, - განაცხადა კალანდიამ გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი".

24 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 830 შემთხვევა, მათ შორის, 15 შემთხვევა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ვუხანში და ხუპეის პროვინციის კიდევ დამატებით ცხრა სხვა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა. მარტო ვუხანში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები