ბოკერია ხაბეიშვილის ცემაზე: "ოცნების" წევრებმა გაამართლეს ის სამარცხვინო საქციელი

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით გაკეთებული არცერთი განცხადება არ ყოფილა ცალსახად ძალადობის დამგმობი. 

ბოკერია ამბობს, რომ ხაბეიშვილს საკრებულოს "ოცნების" წევრებმა კახა კალაძის მწვავე კრიტიკის გამო სცემეს და შემდეგ მათ მიერ გაკეთებული კომენტარები კიდევ უფრო ამაზრზენი იყო, ვიდრე თავად საქციელი. 

"პოლიტიკურმა ლიდერებმა, თუ კი მათ ასეთი ტერმინი შეიძლება ეწოდოს, საკრებულოში ვინც არიან, ზრდილობისთვის შეიძლება ერთი-ორი სიტყვა თქვეს, რომ ზოგადად ჩვენ ეს არ მოგვწონს, მაგრამ მთლიანად გაამართლეს ის სამარცხვინო საქციელი, გაამტყუნეს მსხვერპლი და ეს ყველაფერი ბოლოს მერი კალაძის განცხადებით დაგვირგვინდა, რომლის 90% იყო ოპონენტების ლანძღვა, ბოლოს დაამატა, "ძალადობაც" არაა მისაღებიო," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და აკეთებ კალაძის მსგავს განცხადებას, ეს ნიშნავს, იღებ პასუხისმგებლობას, რომ ძალადობა არის შენი პოლიტიკური დაკვეთა. 

"ყველა განცხადება, სადაც "მაგრამ"-ს აყოლებ ან ეძებ რითი შეიძლება იყოს გამართლებული, არის პირდაპირ საკუთარ თავზე მითითება, რომ შენ, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ხარ ამ კლიმატის შემქმნელი, დამკვეთი და პოლიტიკური გარანტორი იმისა, რომ შემდეგ არავინ არ დაისჯება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტალღა არ გაღრმავდეს, მაგრამ თუ ივანიშვილი და მისი ამ ტიპის მიმართულების ლიდერები, როგორიც კალაძეა, ამ გზას აგრძელებენ, მათი ბედი იქნება უმძიმესი, ყველა თვალსაზრისით," - ამბობს ბოკერია.

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების წევრებმა გუშინ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

თარაშ შურღაიას მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, თუმცა, ასევე მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება. 

კომენტარები