კონგრესმენების წერილები

ბოკერია: ივანიშვილი თუ ასე გააგრძელებს, უმძიმესი პრობლემები ექნება თავისუფალ სამყაროში

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილების ტალღა ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავს. ბოკერია ამბობს, რომ ეს გაღრმავდება, თუ ივანიშვილი გააგრძელებს ძალადობის და რეპრესიების დღევანდელ კურსს და არ შეასრულებს საარჩევნო სისტემაზე გაცემულ დაპირებას. 

ბოკერია ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებს ეხმაურება. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს "ამჯერად რომელ სისულელეს მოიფიქრებს ქართული ოცნება პასუხად."

"ამ ვითარების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოს, თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნის, შეერთებული შტატების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკური კლასი, ვინც საქარველოს მეგობრები არიან, ვინც ცოტა ხნის წინ საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატორი იყო, ყველა არის შეწუხებული მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესის გამო, იმის თაობაზე, რაც ხდება საქართველოში და კერძოდ, ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ქვეყანა, რამაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ინტერესები და უკვე აზიანებს და მათი აზრით, ასევე ამერიკის ინტერესები," - ამბობს ბოკერია. 

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი თუ ასე გააგრძელებს, სერიოზული პრობლემები ექნება თავისუფალ სამყაროში.

"ჩვენი ამოცანა ის არ არის, რომ ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და შემდეგ ძალიან მწარედ დაისაჯოს. მაგრამ, თუ ის ასე გააგრძელებს, ეს ნამდვილად მოხდება, აქ ძალაუფლებას დაკარგავს, რადგან ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება, ხოლო შემდეგ ექნება პრობლემები თავისუფალ სამყაროში, ყველგან და უმძიმესი პრობლემები. ამის მაგალითები გარშემო ბევრია," - ამბობს ბოკერია.

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკული წერილი გუშინ აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა.

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსენმა კი გუშინ ტვიტერზე დაწერა:

"საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!"

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და წერილებს უგზავნიან. 

რამდენიმე დღის წინ გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები