ჩინეთში ახალი კორონავირუსით 41-ე ადამიანი დაიღუპა, გამოვლენილია დაავადების 1287 შემთხვევა

25 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 1287 შემთხვევა, მათ შორის, რამდენიმე ჩინეთის საზღვრებს გარეთ. კერძოდ: ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ნეპალში.

დღეს, 25 იანვარს ვირუსით დაიღუპა 62 წლის ექიმი, რომელიც ვუხანში პაციენტებს მკურნალობდა.

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხუპეის პროვიცნიის თითქმის ყველა ქალაქში სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესეს. ხუპეის პროვინციაში 59 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

Statbucks-მა ხუპეის პროვინციაში მუშაობა შეაჩერა, ხუპეის პროვინციის ხუთ ქალაქში შეჩერდა McDonald's-ის მუშაობაც.

დღეს ავსტრალიაში პირველად, 50 წლის ჩინელ მამაკაცს აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. ის ქალაქ კუანჭოუდან 6 დღის წინ ჩაფრინდა მელბურნში. მას მელბურნის საავადმყოფოში მკურნალობენ და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში ვირუსით დაავადების პირველი სამი შემთხვევა დღეს, 25 იანვარს დაფიქსირდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსის დაავადების 2 შემთხვევაა გამოვლენილი. ორივე პაციენტი ვუხანიდან ჩავიდა ქვეყანაში. დამატებით 63 პაციენტი კი, დაკვირვების ქვეშაა.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის თქმით, ვუხნაში 6 სამედიცინო ჯგუფი მუშაობს, ჯამში 1230 სამედიცინო პერსონალით. ექვსიდან სამი ჯგუფი შანხაიდან, კუანტუნიდან და სამხედრო საავადმყოდოდან გაგზავნეს. მომავალ კვირას ვუხანში 1000-საწოლიანი საავადმყოფოს აშენების დასრულება იგეგმება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 23 იანვარს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა WHO-ს შეფასებით, საერთაშორისო ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას. WHO-ში ისიც თქვეს, რომ კრონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ.

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

კომენტარები