საქართველო - აშშ

აშშ საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

Shutterstock

აშშ საქართველოში 7 000 000 მლნ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

"USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას," - წერია სამინისტროს განცხადებაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციითვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა Fulbright-ის პროგრამის გაფართოებაზეც ისაუბრეს.

"ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, "ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი" (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას," - წერია განცხადებაში.

შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის Fulbright-ის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდება.

კომენტარები