გაბუნია: ჩინეთიდან ავიარეისით და ტრანზიტულად შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ჩინეთიდან მგზავრი ავიარეისით შემოვა თუ ტრანზიტულად - ახალ კორონავირუსზე სკრინინგი ყველა მგზავრს ჩაუტრდება.

„ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირი რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება თუ ტრანზიტულად, დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ“, - თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის უწყების ინიციატივით, ახალი კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აეროპორტებსა და სხვა სასაზღვრო პუნქტებში თერმული შეფასება იქნება შესაძლებელი - ჩინეთიდან შემოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად შემოწმდებიან.

24 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველო ე.წ მწვანე, დაბალი რისკის ზონაშია.

25 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 1287 შემთხვევა, მათ შორის, რამდენიმე ჩინეთის საზღვრებს გარეთ. კერძოდ: ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ნეპალში.

დღეს, 25 იანვარს ვირუსით დაიღუპა 62 წლის ექიმი, რომელიც ვუხანში პაციენტებს მკურნალობდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 23 იანვარს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა WHO-ს შეფასებით, საერთაშორისო ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას. WHO-ში ისიც თქვეს, რომ კრონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამიანს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები