აეროპორტში კორონავირუსის პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრო

აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ.

მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

25 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 1287 შემთხვევა, მათ შორის, რამდენიმე ჩინეთის საზღვრებს გარეთ. კერძოდ: ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ნეპალში.

დღეს, 25 იანვარს ვირუსით დაიღუპა 62 წლის ექიმი, რომელიც ვუხანში პაციენტებს მკურნალობდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 23 იანვარს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა WHO-ს შეფასებით, საერთაშორისო ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას. WHO-ში ისიც თქვეს, რომ კრონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამიანს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები