სათამაშოების კონტროლი

ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების კონტროლს იწყებს, რეგულაციები 2021 წლიდან ამოქმედდება

ტაბულა

უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. რეგლამენტი 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების კონტროლს გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები - რამდენად ბასრია სათამაშო, რა ზომისაა და ა.შ.)

სამინისტროს ახალი უწყების, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები იმუშავებენ. ისინი შეამოწმებენ საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემენ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება დოკუმენტური, ასევე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

დოკუმენტური შემოწმებისას გამყიდველი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი; მწარმოებლის სახელი, სავაჭრო ნიშანი და სახელი და მისამართი; დაკმაყოფილებული სტანდარტების შესახებ მითითებები; წარმოებისას ხარისხის კონტროლში მონაწილე შემფასებელი ორგანოს (მესამე პირი) აღწერა; მოხმარებისას/თამაშისას უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები; ტექნიკური დოკუმენტაცია: (მასალების ჩამონათვალი, ხარისხის დაცვის სისტემური შემოწმების და გამოცდების შედეგები); მიკვლევადობის ინფორმაცია; გამაფრთხილებელი მითითებები და ნიშნები.

დოკუმენტური შემოწმების გარდა, მიღებული ინფორმაციის ან რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდება ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზაც.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევად რჩება სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობა საქართველოში. ნიმუშების გაგზავნა სააგენტოს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში მოუწევს.

ეკონომიკის სამინსტრო აცხადებს, რომ უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იქნება სხვადასხვა სანქცია, მათ შორის: მითითება, რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ამოღება, გამოთხოვა, ასევე განადგურება იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.

რაც შეეხება ბაზარზე შემოტანილ მეორად სათამაშოებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების დიდ ნაწილში მიიჩნევა მაღალი ხარისხის პროდუქტად, ასეთ სათამაშოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საჭირო დოკუმენტაცია - ეს იქნება შესაბამისობის დეკლარაცია, ლაბორატორიული გამოცდის შედეგები თუ სხვა დოკუმენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სათამაშოს უსაფრთხოების დადასტურება. შესაბამისად, თუ საქართველოში შემოტანილ მეორად სათამაშოებს თანდართული ექნება სათანადო დოკუმენტაცია, მათი ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია არ შეიზღუდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სახის გამონაკლისი მეორადი სათამაშოების მიმართ არ არის დაშვებული ევროკავშირის ბაზარზეც - სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ერთიან მოთხოვნებს აყალიბებს ყველა სახის სათამაშოს მიმართ.

იმპორტირებული სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, რისკის ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს საბაჟო კონტროლის ზონაშიც, მაგრამ მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე, რომელთან დაკავშირებითაც იარსებებს დასაბუთებული ეჭვი.

ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორს რეგულაციებისთვის მოსამზადებლად 1 წელს აძლევს - რეგულაციები 2021 წლიდან ამოქმედდება.

კომენტარები