სენატორის წერილი

გაჩეჩილაძე: გამოხატვაა შეზღუდული? ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის

ქართული ოცნების წევრი, გია გაჩეჩილაძე სენატორ როჯერ ვიკერის წერილს ეხმაურება. გაჩეჩილაძის თქმით, წერილით ის ცოტა გაკვირვებულია და ფიქრობს, რომ სენატორი არაინფორმირებულია. დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც მედია შეზღუდული არ არის. 

"როგორ შეიძლება საქართველოზე ილაპარაკო ის, რომ ქვეყანაში არის მედიის პრობლემები, როდესაც, რავიცი ამდენი მედიაა.. კიდევ მეორე, რომ თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდული საქართველოში. 30 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და ასეთი რამე არ მინახავს. ადამიანები რასაც უნდა აკეთებენ და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ. ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის. ზოგიც სად არის და ზოგიც სად არის. გამოხატვის თავისუფლება როგორ არის შეზღუდული?! ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას რომ რაღაც არაინფორმირებულობის საკითხი დგას"- ამბობს გაჩეჩილაძე. 

რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის მოწოდება, გაესაჯაროვებინა დეკემბერში სენატორის მიერ მიღებული წერილი, დეპუტატმა ჰელსინკის კომისიის სენატორის, როჯერ ვიკერის წერილი 25 იანვარს თავად გაასაჯაროვა. 

როჯერ ვიკერის წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება. 

სენატორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებაზე, ასევე, აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გააქტიურებაზე.

კომენტარები