სენატორ ვიკერის წერილი

მთავრობა ორი დღეა არ პასუხობს კითხვას, რატომ გადამალა სენატორის წერილი

საქართველოს ხელისუფლება სენატორ ვიკერის კრიტიკული წერილის პასუხად 2 დღეა დუმს.

მთავრობაში არ პასუხობენ კითხვას, რატომ გადამალეს სენატორის წერილი - მმართველ გუნდს არც წერილის შინაარსი და არც მის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

ასევე უცნობია, უპასუხა თუ არა საქართველოს მთავრობამ სენატორ როჯერ ვიკერს.

წერილში, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება და რომელიც 25 იანვარს ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

ვიკერი საუბრობს ხარვეზებზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევის პროცესში, ასევე ხაზს უსვამს ოპოზიციონერი დეპუტატების, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ განახლებულ გამოძიებებს რამდენიმე წლის წინანდელ საქმეებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ "რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის მოულოდნელი ტალღა მიზანმიმართულად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების და ოპოზიციური მედიების მისამართით".

სენატორი როჯერ ვიკერი ჰელსინკის კომისიის წევრია.

“ჰელსინკის კომისიის” კომიტეტი კონგრესის ორპარტიული კომიტეტია, რომელშიც სენატის და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები შედიან. ის 1975 წლის “ჰელსინკის შეთანხმების” შემდეგ შეიქმნა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს. ასევე, მეთვალყურეობას უწევს შეერთებული შტატების პოლიტიკას “ჰელსინკის შეთანხმების” ხელმომწერ ქვეყნებში.

გახარიას მთავრობას, სენატორ ვიკერის გარდა, კრიტიკული წერილი ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 7-მა კონგრესმენმაც გამოუგზავნა.

კომენტარები