გაბუნია: შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლებელია საჭირო გახდეს, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

"ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება", - ამბობს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, უწყება საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ვირუსის გავცელების რისკი მაღალია.

26 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა, ასევე 2000-მდე გაიზარდა ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 23 იანვარს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა WHO-ს შეფასებით, საერთაშორისო ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას. WHO-ში ისიც თქვეს, რომ კრონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამიანს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები