მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

Reuters

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაშავდა 1,600-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ქალის და მისი მცირეწლოვანი შვილის გამოყვანა შეძლეს. ასობით მოხალისესთან ერთად ნანგრევებიდან სულ 45 ადამიანი გამოიყვანეს. ქალაქ ელაზიღში ეძებენ კიდევ სამ ადამიანს.

აღმოსავლეთ თურქეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ ღამით დაფიქსირდა. მიწისძვრისაგან დაზარალებულ რეგიონს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვია და თქვა, რომ თავშესაფრის გარეშე დარჩენილებს საცხოვრებლით უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფენ. მან ასევე ისაუბრა სამშენებლო რეგულაციების შემოღებაზე, რაც მსგავსი მიწისძვრებისას ნგრევას შეამცირებს.

მიწისძვრამ დააზიანა 1,521 შენობა, აქედან მძიმედ დაზიანდა 645, ხოლო სრულად დაინგრა 76. მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 884 მცირე სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები, რის გამოც მოსახლეობას მოუწოდეს დანგრეულ და დაზიანებულ შენობებში არ დაბრუნდნენ.

კომენტარები