გენერალური პროკურორის შერჩევა

კახიძე: გენ. პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭო არ ირჩევს, მას ირჩევს ივანიშვილი

0 კომენტარი
ოთარ კახიძე ფოტო: ტაბულა

"კანდიდატს საპროკურორო საბჭო არ ირჩევს, კანდიდატს ირჩევს ბიძინა ივანიშვილი" - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთარ კახიძემ, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დაწყება. 

პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე კახიძემ თქვა, რომ უწყებაში მორიგი "სპექტაკლი-წარმოდგენა" იწყება, "თითქოს რაღაც დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს". კახიძის შეფასებით, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი ირჩევს, ვინ გახდება გენერალური პროკურორი. 

"ეს ყველაფერი, ვითომ წარდგენის და შემდეგ შერჩევის, არის სრული ფარსი და არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან, არავითარი კავშირი არ აქვს გენერალური პროკურორის შერჩევასთან,"- ამბობს კახიძე. 

დეპუტატის თქმით, ის ამ წარმოდგენაში მონაწილეობას არ მიიღებს. რაც შეეხება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, კანდიდატურას, რომელიც თანამდებობიდან ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო გადადგა, კახიძის თქმით, მასთან საზოგადოებას აქვს კითხვები, რომლებსაც ის სხდომაზე დაუსვამს. 

"ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა, შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და იმ გენერალურ პროკურორს, რომლის დროსაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო და სააშკარაოდ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება, აბრუნებს კვლავ თანამდებობაზე,"- ამბობს კახიძე. 

დეპუტატის შეფასების, ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი თავხედური საქციელია, რომელსაც საზოგადოება ადეკვატურად უპასუხებს. 

"ეს პასუხი გამოიხატება საბოლოოდ და აისახება არჩევნების შედეგებზე, რომელსაც ივანიშვილი მწარედ წააგებს,"- ამბობს კახიძე. 

27 იანვარს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატურებთან გასაუბრებას იწყებს. შესარჩევად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა. შედეგად, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს

ამ 17 კანდიდატიდან საპროკურო საბჭომ სამი უნდა შეარჩიოს, შემდეგ კი სხდომაზე ცალცალკე უყაროს კენჭი. არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

წარდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, მოჰყვა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კი 17 იანვარს განაცხადა, რომ შოთაძე "ღირსეული ადამიანი, პიროვნება და პროფესიონალია". 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები