ლევან იზორიას ძმის საქმე

იზორია ძმაზე: პოლიციელმა ხელი შეუწყო აგრესიის ფორმირებას, მომხდარ ინციდენტზე გვიან გავიგე

ტაბულა

დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსის და გერმანიაში საქართველოს მომავალი ელჩის, ლევან იზორიას თქმით, თავის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ მისი ამოწურვის შემდეგ გაიგო და "კონკრეტული პოლიციელის მიმართ" არანაირი უკმაყოფილება არ ჰქონია. იზორიას მტკიცებითვე, პოლიციას მისი ძმის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა და ამიტომ გაათავისუფლეს. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავისი ძმის გათავისუფლების საქმეში არანაირი სახით არ ჩარეულა.

ლევან იზორიამ Post tv-ის ეთერში თქვა, რომ მის ძმას პოლიციელმა პარკირებისას "საკმაოდ უხეში ფორმით" მიმართა.

"მას ჰქონდა თხოვნა და მოწოდება, ყოფილიყვნენ უფრო კორექტულები. თუმცა, [პოლიციელმა] ხელი შეუწყო აგრესიის ფორმირებაში, ისედაც ემოციით დამუხტული კაცი უფრო დამუხტა და მიიღო ის, რაც მიიღო, თუმცა ვერ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო, კერძიოდ, ფიზიკური და მისი პირადი შეურაცხყოფა... რომ ამბობს "გიჟია", ამაში დიდ კრიმინალს და დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ.

ბორკილების დადებას მოჰყვა ემოციური მუხტი, განარიდეს ადგილიდან... არავითარი ჩემი ჩარევა, სხვისი ჩარევა. როცა დაკავების საფუძველი არ არსებობს და ბორკილდადებული გყავს ადამიანი, უნდა იმოქმედო კანონის შესაბამისად, არავის ჩარევა არ ყოფილა. არავითარი საფუძველი არ ყოფილა დაკავების და, რა თქმა უნდა, გაუშვეს" - ამბობს იზორია და იქვე აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაშიც, ძმის ქმედებაზე პასუხს თავად ვერ აგებდა.

"ჩემი ძმა სრულწლოვანი ადამიანია, ჩემი ძმის ქმედებაზე ვერ ვაგებ პასუხს ვერც ახლა, ვერც მომავალში, მათ შორის, მის აგრესიაზეც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძმას ვემიჯნები ან მის ინტერესებს არ დავიცავ, მთელი ცხოვრება დავიცავ, უბრალოდ, მინდა ცალსახად ვთქვა, როგორც მე ვარ კანონის წინაშე თანასწორი, ისე ჩემი ძმა, ჩემი ნებისმიერი ოჯახის წევრია თანასწორი, ასე რომ ნებისმიერ ქმედებაში, რომელსაც შეიძლება გარკვეული ბრალეულობა გამოვლინდეს, არავის არ აქვს ამის იმუნიტეტი და მათ შორის, არც მას" - თქვა იზორიამ.

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ კი, ათავისუფლებს.

ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

"იცი, ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ, იცით?" - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წუთში საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს და იზორიას ათავისუფლებენ, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მიდის ლევან იზორიას მძღოლიც. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

მთავარი არხის ინფორმაციით, ვიდეოს არსებობა ცნობილია გიორგი გახარიასა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვისაც.

მათივე ცნობით, დვალიშვილს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც სამართალდამცველმა უარი განაცხადა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო - დვალიშვილმა ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რომელბმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, თუმცა საქმეს გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები