ლევან იზორიას ძმის საქმე

იზორია: ჩემი ძმის "ნარუშილოვკის" შესახებ კადრების გავრცელების შემდეგ გავიგე

0 კომენტარი
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას მტკიცებით, მისი ძმის ე.წ. ნარუშილოვკის საბუთზე ინფორმაცია კადრების გავრცელებისას გაიგო. POST TV-ის ეთერში იზორიამ თქვა, რომ ამ ფაქტის გაგების შემდეგ "მწვავე რეაგირება" ჰქონდა და პირი, ვინც მის ძმას საბუთი გადასცა, დაისაჯა.

"კადრები გავრცელდა, თუმცა, ზუსტად ამოკითხვა - ნარუშილოვკაა თუ რა არის, არავის შეეძლო, მაგრამ მე პირადად მქონდა ამაზე მწვავე რეაგირება, ეს მე სწორედ ამ კადრების მერე გავიგე. ის პიროვნება, ვინც გადასცა ნარუშილოვკა ჩემს ძმას და ვინც ორგანოში მუშაობდა, გამოძიების შედეგად გამოვლინდა და დაისაჯა, დაითხოვეს ორგანოებიდან. ჩემს ძმას მხოლოდ ჩემთან კი არ აქვს ურთიერთობა, სხვებთანაც ჰქონდა შსს-ში და სამწუხაროდ, ერთერთმა მისცა ეს საბუთი, რაც არის არასწორი ქმედება და ეს პიროვნება გამოვლინდა. ჩვენ დავიწყეთ სერიოზულად გამოძიება, მე პირადად ვიყავი დაინტერესებული, ჩემი ძმაც დაიკითხა და და მანაც გულწრფელად აღიარა, ვისგან ჰქონდა ეს საბუთი", - თქვა იზორიამ და აღნიშნა, რომ ქრონოლოგიურად ჯერ ე.წ ნარუშილოვკის საქმე იყო და შემდეგ პოლიციელ გიორგი დვალიშვილთან დაკავშირებული ინციდენტი.

პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა 2015 წელს გაასაჯაროვა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სარგებლობენ მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით, ე.წ ნარუშილოვკებით. ერთერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილის, ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, რომ ის გაუშვას. ამის შემდეგ იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

ე.წ ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ, ისიც მაშინ, როცა ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები