ლევან იზორიას ძმის საქმე

გომელაური იზორიას ძმაზე: რაღაც ინციდენტი მოხდა, უმნიშვნელო, მე ასე დავარქმევდი

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ლევან იზორიას ძმის გათავისუფლება, რომელიც პოლიციამ კანონის დარღვევისთვის დააკავა, უმნიშვნელო ინციდენტია.

"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც მოხდა, ვიცოდით. გავიგეთ, რომ გააჩერეს და რაღაც ინციდენტი მოხდა, უმნიშვნელო, მე ასე დავარქმევდი, იქ არ მიდის არც ხელით შეხება, არც გინება. ასეთი პრეცენენდენტი ხდება ძალიან ბევრი, უამრავი ხდება, თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომლებზეც არ ვაკავებთ", - ამბობს შს მინისტრი.

კითხვაზე არის თუ არა ნორმალური, როდესაც სამართალდამცველს მოქალაქე მიმართავს, რომ "ფორმას გახდის", გომელაური პასუხობს, რომ ეს "ძალიან არასასიამოვნოა", მაგრამ შს მინისტრი მიიჩნევს რომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა უძღოდა წინ პოლიციელის მიერ გავრცელებულ ვიდეოს და "რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული".

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნო იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. თუმცა ვიდეოს წინ რა უძღოდა, ის არ ჩანს, რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული. ეს ადამიანი როგორი ადამიანია, ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევაფასო, ბოდიშს მოგიხდით. ოჯახმა თვითონ გააკეთა განცხადება და ა.შ. ის თემა, რომ ის ადამიანი ხელით ეხება ან აგინებს... მოხდა ეს პრეცედენტი 6 წლის წინ, მოდი ასე ავიღოთ, ხომ? ეს ახლა ამას შენახული ჰქონდა თუ რა ჰქონდა, მე ნამდვილად არ ვიცოდი. ნუ, ეხლა გავიგე. არც მახსოვდა საერთოდ დვალიშვილი იყო თუ სხვა გვარი იყო თუ ვინ იყო", - ამბობს გომელაური.

გომელაური არ ადასტურებს, რომ პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ამ ამბის შემდეგ დააქვეითეს და დაიწყო მისი დევნა. შს მინისტრის თქმით, უწყებაში გაკეთდა რეფორმა და დვალიშვილს მოუწია სხვა თანამდებობაზე გადასვლა.

"რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივად საპატრულო პოლიციაში და ამ ადამიანს უწევდა გადასვლა სხვა თანამდებობაზე, ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ და ხვალ შეიძლება დამიძახონ და მითხრან, რომ მოადგილედ უნდა გადახვიდე ამა და ამ სამინისტროში, გუნდს ეს სჭირდება, გადაწყვიტავს პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე. მე არ უნდა გამოვვარდე, უკაცრავად, ჩანაწერებით. ეს არასწორია რა თქმა უნდა", - ამბობს შს მინისტრი.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუ გიორგი დვალიშვილს ჰქონდა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, ამდენი წელი კი არ უნდა შეენახა, უნდა მიემართა გენინსპექციისთვის ან პროკურატურისთვის.

"თუ ამან ნახა, რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო ეს გენინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახეო. ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, მივიდა, დაიწყო მუშაობა ამ ქალბატონმა. არავის ხელი არ შეუშლია. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ, სხვა სამსახურების მეირ ან ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ?", - თქვა გომელაურმა.

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებს. ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

"იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?" - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წუთში საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს და იზორიას ათავისუფლებენ. ადგილზე მიდის ლევან იზორიას მძღოლიც. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

სამართალდამცავი ამბობს, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო - დვალიშვილმა ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რომლებმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, თუმცა საქმეს გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები