კორონავირუსი

თურნავა: ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდება. მიზეზი კორონავირუსის თავიდან აცილებაა. ჩინეთში ამ ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 106-ს მიაღწია.

"ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა უწყებები ჩართული ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად",-თქვა თურნავამ. 

27 იანვარს, ამავე მიზეზით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ამ დროისათვის უკვე გამოვლენილია დაავადების 4,515 შემთხვევა. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც დაავადებას 50 წლის კაცი ემსხვერპლა. 

იაპონია და აშშ გეგმავენ ქალაქ ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, სპეციალური რეისები დანიშნონ და საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანონ. მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ საფრანგეთი და სამხრეთ კორეაც.

ვირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერ-ჯერობით ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით დაავადებისაგან სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან უკვე 60 ადამიანი გაწერეს. ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვნები იყვნენ, რომელთაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებდათ. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიხედვით ვირუსით შესაძლოა ბავშვებიც დაავადდნენ, თუმცა მათ შემთხვევაში სიმპტომები უფრო მსუბუქია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც ვრცელდება, რაც მისი გავრცელების შეჩერებას ართულებს. ინკუბაციის პერიოდი, როდესაც დაავადებულ პირს სიმპტომები არ აღენიშნება, შესაძლოა, 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს. ამის გამო პეკინსა და შანხაიში ჰუბეის პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე 14-დღიანი დაკვირვება დააწესეს.

დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც, თუმცა ამ დრომდე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. ვირუსით დაავადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, 5 აშშ-ში, ავსტრალიაში, სინგაპურსა და ტაივანში, 4 სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და მალაიზიაში, 3 საფრანგეთში, 2 ვიეტნამში, 1 ნეპალში, კანადაში, კამბოჯაში, შრი ლანკაში და გერმანიაში. თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადებული პირი ვუხანში იმყოფებოდა, ან ვუხანიდან ჩასულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

საქართველოში აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან როგორც ავიარეისებით, ასევე ტრანზიტულად ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

კომენტარები