ლევან იზორიას ძმის საქმე

შს მინისტრი ადასტურებს, რომ იზორიას ძმას ე.წ. "ნარუშილოვკა" ჰქონდა, თუმცა არ იცის, რატომ

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას ე.წ. "ნარუშილოვკა" ანუ საშვი, რომელიც ადამიანს დარღვევის უფლებას აძლევს, ჰქონდა.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ ჰქონდა მას ეს საშვი, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ არ იცის.

"უკაცრავად, მე მივეცი?", - დასძენს ის.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მაშინ, როცა იზორიას ძმას ე.წ. "ნარუშილოვკა" მისცეს, არ პასუხობს.

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებს. ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

"იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?" - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წუთში საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს და იზორიას ათავისუფლებენ. ადგილზე მიდის ლევან იზორიას მძღოლიც. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

სამართალდამცავი ამბობს, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო - დვალიშვილმა ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რომლებმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, თუმცა საქმეს გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები