ისრაელი

ნეთანიაჰუ კორუფციის ბრალდების ფონზე ქნესეთს იმუნიტეტს აღარ სთხოვს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის პარლამენტს მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმუნიტეტის მინიჭებას აღარ სთხოვს.

ნეთანიაჰუს განცხადებაში ნათქვამია, რომ იმუნიტეტის მინიჭების განხილვა პარლამენტში "ცირკი" იქნება და ამ "ბინძურ თამაშში" მონაწილეობა არ სურს.

"მე შევატყობინე ქნესეთის სპიკერს, რომ იმუნიტეტის მოთხოვნა უკან მიმაქვს." თქვა მან.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. 

ნეთანიაჰუს ბრალად ედება მდიდარი ბიზნესმენისგან საჩუქრების მიღება, რასაც ნეთანიაჰუ არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავისი მემარცხენე ოპონენტებისა და მედიის მიერ "კუდიანებზე დევნის" მსხვერპლია.

სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელედეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა პოსტი დატოვოს.

ამჟამად ქნესეთი დაშლილია, რადგან კიდევ ერთი განმეორებითი არჩევნები 2 მარტს დაინიშნა. წინა არჩევნების შემდეგ ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მთავარმა ოპონენტმა ბენი განცმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს.

კომენტარები