ლევან იზორიას ძმის საქმე

გომელაური იზორიას ძმაზე: თუ პოლიციელმა ნახა, რომ დანაშაული იყო, რატომ გაუშვა? ეს დანაშაულია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ პოლიციელმა, რომელმაც ლევან იზორიას ძმა დააკავა, ნახა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არ უნდა გაეშვა. ამასთან, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გიორგი დვალიშვილს ვიდეო კი არ უნდა შეენახა, ვალდებული იყო გენინსპექციისთვის მიემართა.

"თუ ამან ნახა, რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო ეს გენინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახეო. ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, მივიდა, დაიწყო მუშაობა ამ ქალბატონმა. არავის ხელი არ შეუშლია. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვა სამსახურების მეირ ან ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ?", - უთხრა ჟურნალისტებს გომელაურმა.

გარდა ამისა, სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ვახო (კიტა) იზორიას პირიქით, პოლიციელებმა მიაყენეს შეურაცხყოფა

"მანამდე რა მოხდა იცით? ნანახი გაქვთ თავიდან ბოლომდე ვიდეო? ჯერ უყურეთ. მეც ბევრი რამე ვიცი მონაყოლით. იქნებ ესენი აყენებენ შეურაცხყოფას, ვთქვათ, არ ვიცი, შეიძლება, ხო. რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. [კიტა იზორიას საქციელიც] მოსაწონი არ არის რა თქმა, მე არ ვიძახი, რომ რა კარგად მოიქცა. [გიორგი დვალიშვილი] იყო პატრულ-ინსპექტორი, პატრულ ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ის. თუ არასწორი მითითება მისცა მისმა ხელმძღვანელმა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა. რატო გაუშვა მერე?", - უთხრა მედიას გომელაურმა.

ჟურნალისტების რეპლიკას, რომ ლევან იზორიას ძმა პოლიციელებს ზემდგომმა პირებმა გააშვებინეს, შს მინისტრი ასე პასუხობს:

"კარგით რა...".

კითხვას, ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ დაისჯება თუ არა ვახო (კიტა) იზორია და ის პირები, ვინც მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ ამას პროკურატურა გადაწყვეტს.

"პროკურატურაში შეიტანა ამ ადამიანმა თემა, იმედია, სრული ვიდეო იქნება, შენახული ექნება ალბათ, თუ არ წაშალა, რაც თვითონ არ აწყობდა სამწუხაროდ ამ პატრული თანამშრომელს, პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ", - აღნიშნა გომელაურმა.

მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

"იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?" - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წუთში საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს და იზორიას ათავისუფლებენ. ადგილზე მიდის ლევან იზორიას მძღოლიც. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

სამართალდამცავი ამბობს, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო - დვალიშვილმა ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რომლებმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, თუმცა საქმეს გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები