თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე

მიქელაძე მაჩალიკაშვილზე პროკურატურის განცხადებაზე: ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე

თამთა მიქელაძე
ტაბულა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სუს-ის მიერ სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებების დამცველი ორგანიზაციის EMC-ის იურისტი პროკურატურის მიერ მკვლელობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გამოეხმაურა. 

მიქელაძე პროკურატურის განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც წერია, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ. 

"ეს ისე, რომ თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს,"- წერს თამთა მიქელაძე. 

მიქელაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ისევე როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის საქმეზე პროკურატურამ გადაწყვეტილება თანადროულად, სრულიად მოულოდნელად და უფროსის გარეშე დარჩენილმა მიიღო. 

"ეს მაშინ, როცა ჩვენ გამოძიების წინაშე ახალი განცხადებების და ინიციატივების დაყენების რეჟიმში ვიყავით და ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ვთხოვდით პროკურატურას,"- წერს მიქელაძე.

იურისტის განცხადებით, ამ ხელისუფლებისგან ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა ევროსასამართლოში საქმის განხილვის პირობებში გამოძიების გაჭიანურების სტრატეგია მათ უფრო "ლოგიკურად" მიაჩნდათ. 

"საინტერესოა ამ რისკზე წასვლის პოლიტიკური რაციონალობა რა არის. სავარაუდოდ ხელის გადაწევის და ძალის დემონსტირების პოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც ბოლო თვეებია ხელისუფლება იყენებს.

სრული არ აღიარება და დეჰუმანიზება ოჯახის ამ ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკური ნარატივი იმთავითვე იყო და ამაში დარჩნენ. დარჩით! მოვა დრო და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე!" - დაწერა თამთა მიქელაძემ. 

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყდა. უწყების განცხადებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები