თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე: კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია

ტაბულა

გიგა ბოკერიას სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტას "კიდევ ერთ უტიფარ საქციელს" უწოდებს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით:

"კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ჯერ ამდენი გაურკვევლობით და შემდეგ ასეთი უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ, როცა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, არამედ სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორც იყო დაგეგმილი ოპერაცია და შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოებების ყალბად წარმოჩენა", - თქვა ბოკერიამ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე 25 იანვარს უწყებამ გამოძიება შეწყვიტა.

მიზეზად "ჩატარებული სრულყოფილი და ამომწურავი გამოძების" შედეგები დასახელდა.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც 2017 წლის 22 ნოემბერს ლიკვიდირებულ იქნა 2 ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.

ამ საქმის გამოძიების ფარგლებში გაიცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინებაც, ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ 5 პირი, მათ შორის მაჩალიკაშვილი ჩატაევს და მის ტერორისტულ ორგანიზაციას დაეხმარა თავშესაფრით და სხვა რესურსებით. პროკურატურის განცხადებით, სწორედ ამიტომ ჩატარდა სპეცოპერაცია 2017 წლის 26 დეკემბერს.

პროკურატურა წერს, რომ სპეცოპერაციის დროს სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა გაისროლა, რის შედეგადაც თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ამ ფაქტის გამოსაძიებლად მიმდინარეობდა გამოძიება. გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. გამოიკითხნენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სპეცრაზმის 32-ვე თანამშრომელი.

უწყება ამტკიცებს, რომ "თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მას სპეცრაზმელმა ესროლა".

უწყება ასევე ამტკიცებს, რომ ხელყუმბარა ოთახის ჩხრეკისას იქნა ამოღებული. ჩხრეკას კი მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ესწრებოდა.

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილმა "დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული".

უწყება აცხადებს იმასაც, რომ ადვოკატების მიერ დაყენებული საკითხები იმასთან დაკავშირებით, რომ სპეცრაზმელები ოჯახის წევრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიცრუეა და ეწინააღმდეგება საქმეში დადგენილ გარემოებებს, ვინაიდან მოწმეები მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს, რომელიც ღამის საათებში ჩატარდა - პროკურატურის განცხადებით, "სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა".

"ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", - აცხადებს პროკურატურა 28 იანვრის განცხადებაში.

______________________________________________________________________

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის, რაც გამოძიებამ ამმისივე თქმით, სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. მაჩალიკაშვილი ითხოვს, მისი შვილის დანაშაული მტკიცებულებებით დადასტურდეს. ითხოვს საპარლამენტო კომისიის შექმნასაც.

პანკისის სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე კი სპეცოპერაცია ჩატარდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ის 2017 წლის 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობდა და 22 ნოემბრის საღამოს დასრულდა.

დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევი იყო. სუს-ის განცხადებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

კომენტარები