კონგრესმენების წერილი გახარიას

ბოკერია: ქვეყნისთვის საზიანოა, თუ ივანიშვილი ქართველების მეგობრებს, კონგრესს დააიგნორებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის მეგობრებს, მათ შორის კონგრესს დააიგნორებს, ეს საზიანო იქნება ქვეყნისთვის და ასევე, ქართული ოცნებისთვის.

"როგორც ივანიშვილი იქცევა, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და დამცირება. ჩვენი მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებსაც აქვთ პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესი ამ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მიმართ, აქედან გამომდინარე მოქმედებენ. თუ ქართულ საზოგადოებას და ქართველი ხალხის მეგობრებს დააიგნორებს და მათ შორის თავისუფალი სამყაროს ლიდერს, კონგრესს, რომელიც არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო ბევრ რამეში, როცა საქმე ეხება ამ ტიპის საკითხებს საქართველოში, ეს საზიანო იქნება ქვეყნისთვის და კიდევ ერთი ზიანი იქნება სანამ ხელისუფლებაშია ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები, მაგრამ მათთვის პერსონალურად იქნება უმძიმესი პოლიტიკური ხვედრის განმსაზღვრელი. ამიტომ მათ ინტერესებშია, ოღონდ ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, რომ დროზე მოეგონ გონს, ქვეყნისთვის ეს უკეთესია და მერე უნდა შეეგუონ მშვიდობიანად ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოცილებას", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ კონგრესმენებს არაზუსტი ინფორმაცია აქვთ, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, "როგორ სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ".

"რაც შეეხება იმას, რომ განცხადებები რაც გვესმის ამ კლოუნების, ერთი მეორეზე უფრო აღსანიშნავი, რომ თურმე ცნობიერება უნდა აამაღლონ კონგრესის, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისი, როგორ სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს და ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და ვალი, ბევრ სხვა უმძიმეს პრობლემასთან ერთად, რომ სწრაფად, მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ესენი ხელისუფლებას", - ამბობს გიგა ბოკერია.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენებმა საქართველოს წერილებით გაფრთხილება მისცეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გაითვალისწინოს. შეპარდის თქმით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილები კარგის ნიშანია და მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაში საქართველოზე ფიქრობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები