ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

Mediamall.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვულის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშია აქედან 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი - პირობითად ჩაეთვლება. ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა - მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - მიხეილ კალანდიაა დაკავებული. ის მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა. 

სასამართლოს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია - მიხეილ კალანდია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.

კომენტარები