თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავღანეთში

თალიბანი ავღანელ სამხედროებს ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

Reuters

თალიბანის მებრძოლებსა და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ავღანეთის ძალებს სურთ მიაღწიონ თვითმფრინავამდე, რომელიც გუშინ თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა მათ ამის უფლებას თალიბანი არ აძლევს.

თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მალევე ადგილზე უშიშროების ძალები გააგზავნეს, თუმცა მათ თავს დაესხნენ. ღაზნის პოლიციის დირექტორის თქმით თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბორტზე მყოფი 2 პირი გადარჩა და ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება.

თალიბანის სპიკერმა თქვა, რომ დაღუპულია 6 ადამიანი და მათ ცხედრებს სამაშველო ჯგუფს გადასცემენ.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მათ ეკუთვნოდათ. განცხადების მიხედვით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს იძიებენ, თუმცა პირველადი მონაცემებით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის მტრის მიერ ცეცხლის გახსნამ ჩამოაგდო. ისინი ასევე არ აკონკრეტებენ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

თალიბანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის საჰაერო ძალების დამწვარი ხომალდის ნაწილები ჩანს. Bombardier E-11A ტიპის თვითმფრინავს აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის თავზე დაზვერვისათვის იყენებენ.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა უარყვეს თალიბანის განცხადება, რომ მათ კიდევ ერთი, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თავდაპირველად ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ ჩამოვარდნილი ხომალდი ავღანეთის ავიახაზებს, Ariana-ს ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები