დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთმა Huawei-ს 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობის უფლება მისცა

Financial Times

ბრიტანეთის მთავრობის განცხადების მიხედვით მათ ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს უფლება მისცეს ქვეყნის 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა არა მნიშვნელოვანი ნაწილების დამზადებაში.

კომპანიას წვდომა არ ექნება 5G სისტემის "ბირთვზე" და სენსიტიურ ნაწილებზე, მაგალითად ბირთვული და სამხედრო დაწესებულებების საიტებზე.

5G ქსელის ბაზარზე მისი ჩართულობა 35%-იანი ზღვრით შეიზღუდება.

მთავრობაში ამბობენ, რომ აცნობიერებენ, რომ Huawei მაღალი რისკის შემცველია, თუმცა მათი თქმით ბაზარზე მოკლევადიან პერიოდში ალტერნატივა არ არსებობს. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კომპანიის მონაწილეობის სრულად აკრძალვით 5G ქსელის შექმნა 2-3 წლით შეფერხდება და მომხმარებლებს ფასს გაუზრდის.

მათივე თქმით ბრიტანელი კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები კომპანიისათვის დაწესებული შეზღუდვებით კმაყოფილი არიან.

ბრიტანეთს აშშ და სხვა მოკავშირეები მოუწოდებდნენ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ჩინური კომპანია ქსელის შექმნაში არ ჩაერთო. ბორის ჯონსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ხუთშაბათს შეხვდება და სავარაუდოდ, განსახილველ თემებს შორის ეს საკითხიც იქნება.

გასული წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. გარდა ამისა, აშშ კომპანიის მიერ სმარტფონების კამერების პატენტების მოპარვის საქმეს იძიებს.

ამის შემდეგ Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა. Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Intel-მა და Qualcomm-მაც, რომლებიც ჩინურ კომპანიას მიკროპროცესორებს აწვდიდნენ. Huawei-სთან თანამშრომლობა იაპონურმა ფირმა Panasonic-მაც შეწყვიტა.მსგავსი ნაბიჯი გადადგა იაპონურმა Softbank-მა და KDDI-მ.

კომპანიაში თქვეს, რომ ეს მათზე გავლენას არ მოახდენდა, რადგან მიკროპროცესორების წარმოება ჩინეთშიც შეუძლიათ. Huawei-ს დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ თქვა, რომ მისი კომპანია მზადაა აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებს დაუპირისპირდეს. მას მიაჩნია, რომ აშშ კომპანიის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და კონფლიქტი გარდაუვალია.

2018 წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

კომენტარები