თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

EMC: მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტა უფლებათა უკიდურესად მძიმე დარღვევაა

0 კომენტარი
ფოტო: EMC

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC პროკურატურის მიერ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტას დაუსაბუთებელს და უკანონოს უწოდებს, რომელიც პროკურატურის მხრიდან სუს-ის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამოხატულებაა.

EMC აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიება იმთავითვე ფორმალური, მოჩვენებითი და ილუზორული იყო და აშკარად ჩანდა, რომ მას რეალური შედეგები არ მოჰყვებოდა, ვინაიდან გამოძიების ფაზაზე გამოჩნდა სუს-ის უკანონო და თვითნებური ინტერვენცია გამოძიების პროცესში - მათ მიერ კანონის აშკარა დარღვევით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება და შემდგომში მათი განადგურება ან შეცვლა.

თუმცა, EMC არ ელოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ახლა იქნებოდა მიღებული, რამდენიმე არგუმენტის გამო:

"ჩვენ, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის დამცველებს, არა ერთი განცხადება გვქონდა დაყენებული სპეცრაზმის წევრებისა და სუს-ის სხვა თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ იდენტიფიცირებული არაერთი არსებითი შეუსაბამობისა და უზუსტობის გამო. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, 24 დეკემბერს დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, EMC-მ გააგზავნა დასაბუთებული განცხადება პროკურატურაში, რომელშიც სადავოს ხდიდა სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობას და შესაბამისობას (მათ შორის, თემირლანის მიერ საკუთარ ლოგინში თითქოსდა ხელყუმბარის ქონისა და გამოყენების, სპეცრაზმელების მიერ ხელყუმბარის გადაადგილების და განადგურების საკითხებთან დაკავშირებით) და მათ ხელახალ გამოკითხვასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ვითხოვდით. აღნიშნული დასაბუთებული მიმართვების მიუხედავად, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, 1 დღეში, 25 დეკემბერს პროკურატურამ ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა.

სიმპტომატურია, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება თანადროულად გამოაქვეყნა, რითიც კიდევ ერთხელ გაამყარა ის პოლიტიკური ნარატივი, რომლითაც ის თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტად გამოცხადებას და მის მიმართ ძალის გამოყენების გამართლებას ცდილობს. პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილს იმთავითვე არ მიანიჭა ბრალდებულის სტატუსი და ამ გზით მას თავის დაცვის შესაძლებლობა იმთავითვე წაართვა. ამ პირობებში ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიებით პირდაპირ და არაპირდაპირ ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას და მის წინააღმდეგ ფრაგმენტული, კონტრავერსიული და არადამაჯერებლი მასალების გამოქვეყნებას. ოჯახის არა ერთი თხოვნის მიუხედავად კი პროკურატურამ აღნიშნული საქმის მასალებზე წვდომა არ მოგვცა.

იმ პირობებში, როდესაც საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებს ზედამხედველობას და 31 მარტს საქართველოს მთავრობას საკუთარი პოზიციების გაგზავნა უწევს სასამართლოში, და ამასთან, მთავარი პროკურორი ჯერ კიდევ არ არის დანიშნული, სტრატეგიულ საქმეზე გადაწყვეტილების ამ პირობებში მიღება გაუგებარი ჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო თვეებში ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც არ აღიარებს და ღიად უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკური უკმაყოფილებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობს, და ძალაუფლების დემონსტრირებით და ხისტი გადაწყვეტილებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC:

  • მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად გაასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
  • ასევე, ორგანიზაცია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, საჯაროდ მიცემული დაპირების გათვალისწინებით, გააცნოს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის მასალები, რომ მისი შეფასებისა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
  • გამოძიების შეწყვეტისა და მისი დასაბუთების შესახებ შეფასებას უახლოეს მომავალში EMC წარადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
  • პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას EMC ასევე გაუზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს სახალხო დამცველს, შეისწავლოს მიღებული გადაწყვეტილება და საჯაროდ შეაფასოს პროკურატურის გადაწყვეტილება.

უახლოეს მომავალში, საქმის დამატებითი მასალების გაცნობის შემდეგ EMC დასაბუთებულ სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს საქმეზე.

EMC მხნეობას უსურვებს მაჩალიკაშვილების ოჯახს და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების იმედს გამოხატავს.

საქმესთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი შეკითხვები და გარემოებები, რაც გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე მიუთითებს:

  1. სპეცოპერაციის დაგეგმვა სუს-ის მიერ სათანადო მომზადებისა და პრევენციული ზომების მიღების გარეშე მოხდა. სუს-ს არ ჰქონდა სათანადოდ გაზომილი დასაკავებელი პირებისგან მომდინარე რისკები და არც დაკავებასთან დაკავშირებული წინაპირობები. ცხადია, რომ ამ პირობებში მასშტაბური შეიარაღებული სპეცოპერაცია დაგეგმა წინააღმდეგობაში მოდის სიცოცლის უფლებასთან დაკავშირებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტებთან.
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გარსოლა თანადროულად განხორციელდა, სპეცრაზმელის მხრიდან წინასწარი გაფრთხილებისა და სხვა მითითების გარეშე. სროლის მომენტში თემირლანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თავი ედო ბალიშზე, რაც მისი მხრიდან ხელყუმბარის ლოგინიდან ამოღებისა და გამოყენების შესახებ სუს-ის ვერსიას სრულად უსაფუძვლოს ხდის. პროკურატურამ არც კი გამოძია თემირლანის მიერ ტელეფონისა და ყურსასმელის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებები, რაც მაღალი ალბათობით მის მიერ სპეცოპერაციის დაწყების შესახებ ინფრომაციის არ ქონის გარემოებაზე უთითებდა.
  3. თემირლანის ოთახზე თითქმის 2 საათის განმავლობაში სრული კონტროლი სპეცრაზმელებს ქონდათ და სწორედ მათ მიერ უშუალოდ უკანონოდ ხელყუმბარის გადაადგილება და უკანონო ამოღება. საბოლოოდ ხელყუმბაა და სხვა საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სწორედ სუს-ის მიერ განადგურდა ან შეცივალა.
  4. ცხადია, რომ ამ პირობებში, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო და ის პროკურატურის მხრიდან სუს-ის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის და ადამიანის უფლებათა დარღვევის უკიდურესად მძიმე შემთხვევას წარმოადგენს".

28 იანვარს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე 25 იანვარს უწყებამ გამოძიება შეწყვიტა.

მიზეზად "ჩატარებული სრულყოფილი და ამომწურავი გამოძების" შედეგები დასახელდა, რომლითაც, უწყების მტკიცებით, დადასტურდა, რომ "თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მას სპეცრაზმელმა ესროლა".

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები