რუსეთი

რუსეთში შესაძლოა უზენაესი მმართველის თანამდებობა შემოიღონ

Aleksey Nikolskyi

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია ასზე მეტი ცვლილების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია გამოცემა კომერსანტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამუშაო ჯგუფის ინიციატივებს შორისაა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობისთვის სახელწოდების შეცვლა. ინიციატივის მიხედვით, პრეზიდენტის პოსტი უზენაესი მმართველის თანამდებობით შეიცვლება. ასევე, იგეგმება რუსეთის ძირითად რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება და რუსეთისთვის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება. 

უზენაესი მმართველის პოსტის შემოღების შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის დუმის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კრაშენიკოვმა განუცხადა. ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციის რეფორმირების ინიციატივით 15 იანვარს, ფედერალური საბჭოს მიმართვის დროს გამოვიდა. 

პუტინის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, უნდა დადგინდეს რუსეთის კონსტიტუციის და უპირატესობა საერთაშორისო სამართალზე. ასევე იზრდება ფედერალური საბჭოს და დუმის უფლებამოსილება. ამავდროულად, იხსნება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენტო ვადაზე და პუტინის მიერ დაარსებული სახელმწიფო საბჭო კონსტიტუციური ორგანო უნდა გახდეს.

პუტინის მიმართვიდან რამდენიმე საათში რუსეთის მთავრობა პრემიერ, მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა. ახალ პრემიერ-მინისტრად პუტინმა რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხეილ მიშუსტინი წარადგინა. დუმამ მიშუსტინის კანდიდატურა უკვე დაამტკიცა. 

ვლადიმერ პუტინი რუსეთის სათავეში 1999 წელს მოვიდა. ამავე წლის 31 დეკემბერს პუტინის წინამორბედი ბორის ელცინმა თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ პუტინი დაასახელა. 

ამ დროის განმავლობაში პუტინის ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი და ოთხჯერ პრეზიდენტის.

კომენტარები