პრეზიდენტი

პრეზიდენტს სლოვაკმა პარლამენტარმა FB-ის მიერ პრო-სამთავრობო გვერდების წაშლა შეახსენა

0 კომენტარი

სლოვაკმა პარლამენტარმა, მარტინ პოლიაჩიკმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკემბერში Facebook-ის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლის ფაქტი შეახსენა, რომლებიც ანტი-ევროპულ პროპაგანდას ავრცელებდნენ. პოლიაჩიკმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რა გაკეთდა ამის საპასუხოდ. 

"ქალბატონო პრეზიდენტო, მე ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს. რას ფიქრობთ ყალბ ახალ ამბებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე? იმიტომ, რომ დეკემბერში Facebook-მა საქართველოში ასობით გვერდი და პროფილი წაშალა, როგორც თვითონ აცხადებენ, "არაავთენტური კოორდინირებული ქცევის" გამო.

Facebook-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამ გვერდების სამიზნე ოპოზიციური პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მიხედვით კი, ეს გვერდები დამატებით ავრცელებდნენ ანტი-ევროპულ პროპაგანდასა და მესიჯებს და, შესაძლოა, დაკავშირებულები ყოფილიყვნენ მთავრობასთან. რა გაკეთდა ამის საპასუხოდ?" - ჰკითხა პოლიაჩიკმა. 

პარლამენტარის კითხვაზე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის დიდი ხანია იყენებს საპრეზიდენტო პლატფორმას იმისთვის, რომ შეაკავოს ყალბი ახალი ამბები და დეზინფორმაცია და რომ თავადაც არის ბოტების თავდასხმის მსხვერპლი. 

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს სოციალური მედიის რეგულირება, თუმცა "გამოხატვის ფარგლებისადმი პატივისცემის" ფარგლებში. 

"რაც შეეხება ყალბ ახალ ამბებს, და ეს მათ შორის ეხება პრეზიდენტ ივანიშვილის ხსენებულ განცხადებას, მე ვფიქრობ, საქართველოში ჩვენ ყველა და პირადად მე, ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის კუთხით მუდმივი წნეხის ქვეშ ვარ იმის შესახებ, თუ რა ვთქვი, ან არ ვთქვი, როდესაც ჩემს ნათქვამს კონტექსტიდან იღებენ. დიახ, სოციალური მედია სავსეა სხვადასხვა ანგარიშით და მე ჩემი პერსონალური სოციალური მედია ბოტებისა და სხვაგვარი თავდასხმის ქვეშაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაშიც იგივეა. 

ჩვენ გვაქვს არჩევანი: სოციალური მედიის გამოხატვის თავისუფლებას ვცეთ პატივი, თუ დავიწყოთ გამკაცრება. ჩვენ არ ვართ იმ ქვეყნების რიგებში, რომლებმაც ამის გამკაცრება რაღაც კუთხით მაინც დაიწყეს. საპრეზიდენტო პლატფორმის ფარგლებში მე ვცდილობდი ხმა ამემაღლებინა დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და სიძულვილის შესაკავებლად, რადგან ეს ყველაფერი ერთია და ჩვენ შევდივართ საარჩევნო პერიოდში, ვგულისხმობ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. 

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეზობელი, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს და გამოუყენებია კიდეც სხვა ქვეყნებში დეზინფორმაცია და ყალბი ახალი ამბები. ამიტომაც, ჩვენ გვჭირდება რეგულირების რაღაც ფორმა, რომელიც თავსებადი იქნება გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს რთული საქმეა. მე ამისთვის ვთავაზობ ჩემს საპრეზიდენტო პლატფორმას [ყველას], რომელიც არის ნეიტრალური და შეუძლია, მიიღოს ყველა პოლიტიკური პარტია, მაგრამ ასევე ვარ მზად, რომ მხარი დავუჭირო ყველა სხვა მცდელობას ამ ყველაფრის შესაკავებლად,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები