პოლიტიკური დევნა

პოჩეი ზურაბიშვილს: არ გაწუხებთ, ივანიშვილმა რომ ოპოზიციონერების დაპატიმრება დააანონსა?

პოლონელმა პარლამენტარმა, ალექსანდერ პოჩეიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ სამართლებრივ დევნასა და ბიძინა ივანიშვილის მუქარაზე ჰკითხა, რომელიც სწორედ ოპოზიციის ლიდერების პატიმრობას ეხებოდა.

"საქართველოს ბევრი მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესმა და ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოთქვა დამამწუხრებელ ტენდენციებზე საქართველოში. განსაკუთრებით, ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ, ან 28 ნოემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ოპოზიციის კიდევ ბევრი ლიდერი მოიხდის სასჯელს ციხეში და უეცრად, ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, არ გაწუხებთ ეს ორი რამ?", - თქვა პოჩეიმ.

პოლონელმა პოლიტიკოსმა მუქარად ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2019 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში, ნიკა ლალიაშვილთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც "დემონსტრანტები, რომლებიც მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამოდიან, ვაბანკზე მიდიან, უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ და ზარალდებიან".

"ზოგი ორი დღით მიდის [ციხეში], ზოგი ერთი კვირით. ახლა ამ ახალგაზრდებს უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის [სასჯელს] და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან“, - თქვა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გამოძიებებს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ განახლდა - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. გამოძიებას კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2012 წელს დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჰქონდა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მას გამოძიება "ქართუს გაკოტრებას" ედავებოდა. საქმეზე გამოძიება 2012 წელს დაიწყო. მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეიწყვიტეს.

კომენტარები