სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში

უკრაინული მედია: ზურაბიშვილმა თავი აარიდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე კითხვებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

"ევროპეისკაია პრავდა" წერს, რომ როგორც სიტყვით გამოსვლის, ისე დეპუტატების კითხვებზე პასუხისთვის 60 წუთი იყო გამოყოფილი და როგორც წესი, დასავლელი ლიდერები დროის დიდ ნაწილს სწორედ კითხვებზე პასუხისთვის იყენებენ. ამ ტრადიციის საპირისპიროდ კი ზურაბიშვილმა 50 წუთი სიტყვით გამოსვლას დაუთმო, ხოლო ერთადერთ კითხვაზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ეხებოდა, არ უპასუხა.

გამოცემა მიუთითებს, რომ უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა, ალექსეი გონჩარენკომ ("ევროსოლიდარობა"), ზურაბიშვილს სთხოვა, აეხსნა, დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

"საქართველოს პრეზიდენტმა თავი აარიდა ამ საკითხზე კომენტირებას და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ადგილია, ძველი მექანიზმის ჩარჩოებში თავი აარიდოს სანქციებს.

"რუსეთი ნამდვილად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. პრობლემა ისაა, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით ნაკლებია მის მიმართ ყურადღება მონიტორინგის პროცედურის კუთხით", - თქვა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე აარიდა თავი საქართველოსა და უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო რუსეთის დასჯის შესახებ საუბარს", - წერს "ევროპეისკაია პრავდა".

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. ზურაბიშვლმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ.

ერთ-ერთი დეპუტატის, რუსი პარლამენტარის კითხვის პასუხად ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები